„ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბაზისური საკითხები“ ეკატერინე თავართქილაძე

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

„ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბაზისური საკითხები“ ეკატერინე თავართქილაძე

ივლისი 1, 2020 უკატეგორიო 0

შაბათს 4 ივლისს 12 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: „ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბაზისური საკითხები“

ვებინარს გაუძღვება: ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე ფსიქოლოგი მრავალწლიანი გამოცდილებით, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი.

ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა, სამწუხაროდ, გავრცელებული დანაშაულია, რომელიც მიზეზთა გამო ხშირად გამოუვლენელი და დაუსჯელი რჩება.

არსებობს გავრცელებული მცდარი წარმოდგენები, მითები, რომლებიც ხელს უშლიან პროფესიონალებსაც და საზოგადოებასაც ამ სასტიკი დანაშაულის გამოვლენაში.

სექსუალური ძალადობა ბავშვისთვის ყველაზე მეტად მატრავმირებელია და არასდროს ჩაივლის უკვალოდ.

საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვზე სექსუალურად მოძალადეთა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც ბავშვი იცნობს და ენდობა.

სექსუალური ძალადობა სხვადასხვა გზით შეიძლება გამომჟღავნდეს: მომხდარი ზოგჯერ გასაუბრების დროს შეიძლება ამოტივტივდეს, ზოგჯერ ექიმის მიერ გასინჯვის დროს.

 ბავშვი იშვიათად ყვება მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე.

სექსუალური ძალადობის აღმოსაჩენად უწინარესად აუცილებელია იმ დამახასიათებელი ნიშნების ცოდნა, რომლებიც საფრთხის სიგნალებად შეგვიძლია მივიჩნიოთ და ასევე –  ისტორიის, ბავშვის ქცევისა და ფიზიკური ნიშნების  ერთმანეთთან დაკავშირება.

ვებინარის ბმული: https://bit.ly/2ZryrnW

ვებინარი განკუთვნილია ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული  სპეციალისტებისთვის.

სხვადასხვა დროს  ეკატერინე თავართქილაძე  კითხულობდა ლექციებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში, ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიაში საქართველოს სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს  სასწავლებელში.

ეკატერინე 2002 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, ძალადობის მსხვერპლ/მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, ბავშვთა მიმართ ძალადობის დიაგნოსტირების, ძალადობა განცდილი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, მოზარდის ანტისოციალური ქცევის  და ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

ის არის ავტორი სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს „ბავშვის განვითარების თავისებურებები და დიაგნოსტიკური ტესტები“, ძიძებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს „ძიძა ოჯახში“, ბავშვთა დაცვის საკითხებზე სპეციალისტებისთვის შემუშავებული სასწავლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, ბავშვებისთვის, მშობლებისთვის,  ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის და საზოგადოებისთვის განკუთვნილი 30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

 ეკატერინეს ჩატარებული აქვს მრავალი საჯარო ლექცია და ტრენინგი  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვის განვითარების,  პოზიტიური აღზრდის პრინციპების, ბავშვთა რთული ქცევის მართვის, ბულინგის, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებზე როგორც ბავშვებისთვის, ასევე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის.

ვებინარი ხორციელდება Fundacja HumanDoc HumanDoc South Caucasus Regional Office in Tbilisi ისა და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.